გამოვიდა მწერალ ცირა ყურაშვილისა და ნინო ჩეხოშვილის ზღაპრების კრებული.
წიგნის რედაქტორი მწერალი გიორგი კაკაბაძეა.
ზღაპრების ილუსტრაციებზე მხატვარმა ირინა ძამაშვილმა და მხატვართა ჯგუფმა იმუშავა.
კრებული გამოიცა ნინო ჩეხოშვილის ფინანსური მხარდაჭერით.
როგორც რედაქტორი აღნიშნავს წინასიტყვაობაში, წიგნი წარმატებით აგრძელებს ქართული საბავშვო მწერლობის კლასიკურ ტრადიციებს.
“დახვეწილი ენით დაწერილ და სიყვარულით გამთბარ ამ წიგნში, რომლის ავტორებიც ცირა ყურაშვილი და ნინო ბატიაჰ ჩეხოშვილი არიან, თავმოყრილია ზღაპრები, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ ქართული საბავშვო მწერლობის კლასიკურ ტრადიციებს. ტექსტებში იგრძნობა ავტორთა მდიდარი ფანტაზია, საღებავების მრავალფეროვნება და მსუბუქი იუმორი.
ყოველ ზღაპარში ასულდგმულებულია ბუნება, ალაპარაკებულია ცხოველები, ფრინველები და მცენარეები, მაგრამ ამ ზღაპრების მთავარი გმირები მაინც პატარა ბავშვები არიან, თავიანთი სიცელქით, ხალისით, დაუდგრომელი და მოუსვენარი ხასიათით. ისინი გამოირჩევიან ამავე დროს გონიერებით, სიმამაცით, თანაგრძნობის, თანადგომისა და უანგარობის საოცარი მაგალითებით.
ამგვარად გამოდის, რომ ეს ზღაპრები გასართობთან ერთად დიდაქტიკური და შემეცნებითი ხასიათისაც ყოფილა. ისინი აუცილებლად რაღაცას გვასწავლიან, მიგვითითებენ და ჭკუას გვარიგებენ. დადებითი საქციელი კი სამყაროში ყოველთვის მისაბაძი ხდება ხოლმე და მათ შემდეგ სხვებიც იმეორებენ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ლამაზი წიგნი ჩვენი მოზარდების მორალურ-ზნეობრივი თვისებების ჩამოყალიბებას ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს და სამყაროში სიკეთის გამრავლების კეთილშობილურ საქმეს შეუწყობს ხელს.”- წერს წიგნის რედაქტორი გიორგი კაკაბაძე.
ავტორი ცირა ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ზღაპრები უახლოეს პერიოდში გამოჩნდება წიგნის მაღაზიებში.
“ყველა საუკეთესო გრძნობა, რაც კი გაგვაჩნდა, ვეცადეთ ამ საბავშვო წიგნისთვის დაგვემგზავრებინა. მალე ის ბავშვების ხელში აღმოჩნდება.
ღვთის მფარველობას ვუსურვებთ ყველა ოჯახს, სადაც კი ზღაპრების კრებული დაიდებს ბინას. “- წერს ავტორი.
მწერალი ცირა ყურაშვილი პროზაული და პოეტური კრებულების გარდა ავტორია საბავშვო ზღაპრის “ქრისტესია”-ს და მისი ინიციატივით 2001 წელს გამოვიდა საბავშვო ლექსების კრებული “ლილე”.