დეკემბრის ბოლოს ქუთაისში ფილმის- „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?!“ ჩვენება გაიმართა.

 

იმ დღეებში ქუთაისში თოვდა… კინოთეატრ ,,საქართველო“-ში, ფილმის ნახვის მსურველებმა მრავლად მოიყარეს თავი.

რიგში ჩამდგარ ადამიანებს აღარ გვახსოვდა არც პანდემია და არც ბოლო ორი წლის უძრაობა. განწყობამ, რომ რაღაც იდუმალს და ამაღელვებელს ვნახავდით, დაგვავიწყა ბოლო წლების ჩაკეტილობა.

თითქოს, ეს ცოცხალი რიტმი, ადამიანების ერთმანეთთან ასე ახლოს ყოფნა არც არასდროს შემწყდარიყოს…

შემდეგ ფილმი დაიწყო.

დასაწყისში რეზო ჭეიშვილის ფრაზამ წინარე დადებითი განწყობა ფილმზე ჩემთვის ერთიორად გაზარდა.ზამთრიდან უეცრად ზაფხულში აღმოვჩნდით და ორი ადამიანის უცნაური გარდასახვის გარდა, სხვა ამბებიც ვნახეთ. ამბები ქალაქზე, ბავშვებზე, ფეხბურთზე, ძაღლებზე..
ფილმის მთავარ ამბავში ორი ადამიანი ჯერ ერთმანეთს ხვდება, შემდეგ კი ისინი ავი თვალის წყევლით ერთმანეთისთვის უცნობ ადამიანებად გარდაისახებიან და შორდებიან.

რას ეჩურჩულება ნიავი ლიზას, რატომ არის, რომ „როცა გიყვარს, ნერვიულობ“, რა მაგია აქვს ქუთაისს და რა არის ის, რასაც ავი თვალის წყევლაც კი ვერ ერევა_ ამას ფილმში ნახავთ…
ფილმში ნახავთ ასევე შუადღის მზის სხივებით აციმციმებულ რიონს, ღამით ქუთაისის იდუმალ ქუჩებს, რომლის პატარა შუქები მაყურებლის გულებსაც ანთებს…


სანდრო, გამარჯობა. მოგვიყევი, რატომ გადაწყვიტე ფილმის გადაღება ქუთაისში და
რატომ გაგიჩნდა ემოციური ბმა ქალაქთან, რომელსაც არც ისე კარგად იცნობდი?

ჩემი წინა ფილმი თბილისშია გადაღებული და თითქმის მთელი ქალაქი აქვს მოცული.
„რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“ ამ ფილმში კი მინდოდა ცოტა სხვანაირად
გამეკეთებინა და ერთ ადგილას გადამეღო. მაშინ ქუთაისს კარგად არ ვიცნობდი და
პირველი რაც გამახსენდა, ეგ იყო თეთრი ხიდი და კაფე თეთრ ხიდთან. მერე
ყველაფერი შეიცვალა.

ფილმის გადაღებამდე ერთი წლით ადრე მე, ჩემი პროდიუსერი და ოპერატორი
დაახლოებით ერთი წელი ვიყავით ქუთაისში და ძალიან დიდ ხიბლში ჩავვარდით.
ასეთი ხიბლი საშიშიც არის, იმიტომ რომ მოხიბლული სტუმრის წარმოდგენა ძალიან
ცდება, იმას რაც სინამდვილეშია. ამ მოხიბლული მზერის არიდებას ერთი მხრივ
ვცდილობდი და მეორე მხრივ მივუშვი კიდეც. ჩაგვითრია ამ ქალაქმა და აგვაცდინა
მთლიანად იმ გეგმას, რაც თავიდან გვქონდა. ყოველ დღე, რაღაცას ან ვიღაცას
ვნახულობდით, რომელიც გვინდოდა რომ გამხდარიყო ჩვენი ფილმის ნაწილი.

პირველივე დღიდან, როცა ბინის საქირავებლად ჩამოვედით, მოვხვდით წერეთლის
ქუჩაზე და მაშინვე ჩავინიშნეთ, რომ ამ ეზოში რამე უნდა გადაგვეღო. მერე
შემთხვევით მუსიკალურ სკოლაში შევედით და სულ არ იყო მუსიკალური სკოლა
სცენარში, მაგრამ ვთქვით, რომ ესეც უნდა გამხდარიყო ფილმის ნაწილი. ასე გამოვიდა,
რომ ნელ-ნელა თვითონ ქალაქი გვაძლევდა მიმართულებას, იდეებს, რომელზეც მერე
მთლიანად აეწყო ეს ფილმი.

ქუთაისს უკავშირდება ჩემი ოჯახის ერთი ამბავიც : დედაჩემის დიდი ბაბუა ცხოვრობდა
აქ კომუნისტებამდე, ყოველთვის მესმოდა, რომ ადრე ქუთაისში გვქონდა სახლი, რომ
ბაბუა მეღვინე იყო, ღვინის და შამპანურის ქარხანა ჰქონდა და კომუნისტებმა
ჩამოართვეს. როგორც ამ ამბებიდან ვიცი, ეს სახლი დაააანგრიეს და იმ ადგილას
სტადიონი ააშენეს. ეს იყო ჩემი ემოციური ბმაც ამ ქალაქთან, რომ ქუთაისში იყო
სტადიონი, სადაც ოდესღაც ჩემი დიდი ბაბუას სახლი იყო…

როგორ მიმდინარეობდა გადაღების პროცესი ქალაქში და პატარა ქალაქში რამდენად
ადვილია ან პირიქით, რთული ფილმის გადაღება?

გადაღების დროს სახლს ვეძებდით გმირისთვის, ერთი სახლი მოგვეწონა, დავაკაკუნეთ და შემდეგ გვითხრეს, რომ იმ სახლში „ვერის
უბნის მელოდიები“ იყო გადაღებული.
მერე, რომ ვნახე ეს ფილმი მივხვდი, რომ კი, ნამდვილად ეგ ადგილი იყო.
თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, მაინც უცხო ქალაქში მოვდიოდით გადასაღებად, ამხელა
კამერით, ტექნიკით და ვფიქრობდით, რა რეაქცია ექნებოდათ აქაურებს.
ერთადერთი კითხვა, რასაც  ქუთაისში, ფილმის გადაღებისას ხშირად გვისვამდნენ იყო – „ რამეში ხომ არ დაგეხმაროთ?“.

ფილმს რომ აკეთებ, დახმარება  სულ გჭირდება და ამიტომ ბევრი რამ გააიოლა ამ
ქალაქმა გადაღების მხრივ. ზოგჯერ განათებას აღარ ვიყენებდით და როგორც იყო
ქალაქი განათებული ღამით, იმ განათებაზე ვიღებდით. ასეც საინტერესო იყო უკვე.

ფილმი იწყება მწერალ რეზო ჭეიშვილის ფრაზით და ეს ფრაზა
წინარეგანწყობასაც აჩენს, რომ ფილმი ნამდვილად იქნება საინტერესო სანახავი იქნება, რადგან
რეზო ჭეიშვილი ის მწერალია, რომელიც სულ წერდა ქუთაისზე, მის ხასიათზე და მის
გმირებზე. თუ დაგეხმარა რეზო ჭეიშვილის შემოქმედება და როგორ?

რეზო ჭეიშვილი იყო ის ავტორი, რომელსაც ვკითხულობდი ხშირად, როცა სცენარზე
ვმუშაობდი, ან ვემზადებოდი ფილმის გადასაღებად და ვკითხულობდი გადაღების
პროცესშიც. ასე მგონია, ბევრი რაღაც განსაზღვრა რეზო ჭეიშვილის შემოქმედებამ
ჩვენს ფილმში.

როცა ქუთაისზე ლაპარაკობენ , გამორჩეულად აღნიშნავენ, რომ ეს არის ქალაქი, სადაც
კარგი იუმორი აქვთ იქ მცხოვრებ ადამიანებს. ფილმში ქუთაისის ეს თვისება ძალიან
ფაქიზად, მოზომილად და გადაჭარბების გარეშე არის ნაჩვენები. ვფიქრობ, ესეც ერთ-
ერთი ღირსებაა ფილმის.

ქუთაისში რომ იღებ ფილმს, რაღაცები თავისით მოდის, იმიტომ რომ ამ ქალაქისთვის
ძალიან ორგანული ნაწილი არის იუმორი. თან რაღაც უცნაურიც არის, როცა შენ აქაური
არ ხარ, მერე იმის პრეტენზია რომ აქაური იუმორი გააკეთო, მაინც არ უნდა გქონდეს.


ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი, რომ ეს ფილმი ან სიყვარულზეა ან ფეხბურთზე,
ფილმის მთავარი ამბის შიგნითაც კიდევ არის სხვადასხვა ამბები. თუმცა, ჩემთვის ეს
ფილმი უფრო მეტად ქუთაისზე გადაღებული ფილმი აღმოჩნდა.

იცი რა , რთული სათქმელია… ბევრი სხვადასხვა ხაზია ფილმში და სათაურიც ასე
მოვიფიქრე, რომ არცერთ ამ ხაზს არ წაჰყოლოდა. ფილმში ქალაქს დიდი როლი
უჭირავს, თითქოს ზღაპარია. ქალაქის ამბავიც ნახევრად ზღაპრულია, ნახევრად
სიმართლე. რაც ჩანს ის ყველაფერი სინამდვილეა. ვინც ფილმს ნახავს, ყველასთვის
ინდივიდუალური აღქმებს და განწყობებს მოიტანს.

როცა სათაურზე ვფიქრობდი, მინდოდა ისეთი ყოფილიყო, რომელიც წინასწარ არ მიუთითებდა მაყურებელს რაზე
უნდა გაემახვილებინა ყურადღება. ასე ვფიქრობდი და მერე გამახსენდა, ლეო მესი რას
აკეთებს, როცა გოლი გააქვს, ყოველთვის ცაში იყურება, მაღლა და მაგას თავისი მიზეზი
აქვს, რატომაც იყურება. ყველა ადამიანს აქვს ასეთი მომენტები ცხოვრებაში, როცა
სხვადასხვა რაღაცას წარმოიდგენს ცაში ყურებისას. შეიძლება ბედნიერების მომენტი
იყოს, ან პირიქით, რთული მომენტი და როცა ზემოთ იყურები, მაინცდამაინც
ვარსკვლავებს კი არა, რაღაც უფრო მეტს ხედავ, უფრო მეტს ეძებ…

სათაური უმეტესად განსაზღვრავს მკითხველის, მაყურებლის მოლოდინს და
გარკვეულ კავშირს აჩენს შინაარსთან.

თავიდან ფილმს რამდენიმე სათაური ჰქონდა, ერთ-ერთი ვერსია იყო „ხმელი ფოთოლი“,
რომელსაც შემდეგ ფილმს დავარქმევ. ამ ფილმზე კი მინდოდა, რომ მოკლე სახელი
ჰქონოდა. წინა ფილმს გრძელი სახელი ჰქონდა, იმის წინასაც და ბოლოს ეს მოვიფიქრე.
ეგეც საინტერესოა – სახელის აკვიატება. მთავარია, რომ ფილმი მუშაობდეს და ხომ
არის, წერენ არაჩვეულებრივ ლექსს და არის უსათაურო.


სანამ ფილმს ვნახავდი, ფილმის ტრეილერში გამოყენებული მუსიკაც
თითქოს გვეუბნებოდა, რომ ფილმი ნამდვილად ძალიან ამაღელვებელი იქნებოდა. ვინ
იმუშავა ფილმის მუსიკალურ მხარეზე?

ორი სიმღერა არის ფილმში – ერთი იტალიური და ერთიც ქართული, რომელიც
თავიდანვე სცენარშიც იყო და დანარჩენი ვიცოდი რომ ბევრი მუსიკა იქნებოდა . მუსიკა
ჩემი ძმის დაწერილია, რომელიც გადაღების დროსაც აქ იყო, ფილმის ხმასაც იწერდა,
ხმის დიზაინიც მან გააკეთა და თავიდანვე ჩართული იყო ამ ამბებში. სანამ გადაღებას
დავიწყებდით უკვე იცოდა, რომ კონკრეტული სცენისთვის შესაბამისი მუსიკაც
დაგვჭირდებოდა და თან ფიქრობდა ამაზე სულ და როცა მე მონტაჟს ვიწყებდი, უკვე
რაღაცები ჰქონდა მომზადებული ჩემთვის. ფილმში არის ბევრი სცენა, რომელიც მუსიკას
მიჰყვება, შესაბამისად, ამ სცენებს ვერ დავამონტაჟებდი უმუსიკოდ . პირიქითაც არის:
დიდი ნაწილი მუსიკის იმის მიხედვით დაიწერა, თუ როგორი სცენა იყო.
ფილმში დაუგეგმავი, სპონტანური კადრებიც შემოდის.


შემთხვევითი სიტუაციების სათქმელი რა არის?

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ გვინდოდა რაღაცები მომხდარიყო, ჰერმეტულ გარემოში
არ გვემუშავა და არ გამოგვერიცხა შემთხვევითობები. არის ფილმები სადაც ეგეთი
ჩაკეტილი სივრცე შეიძლება რაღაცის სათქმელად გამოიყენო, ჩვენ კი მაინც თავიდანვე
გადავწყვიტეთ და ადგილებსაც ასე ვარჩევდით, სად შეიძლებოდა რაღაც დაუგეგმავი
მომხდარიყო და სად გვქონოდა ყველაფერი თავიდანვე განსაზღვრული. მზად ვიყავით იმისთვის, რომ უცებ კამერა შეგვეტრიალებინა.

სანამ ამ ფილმის ძირითად ნაწილს გადავიღებდით,
მანამდე ერთი წლით ადრე ვიყავით ქუთაისში, 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატს
დროს და დაახლოებით 2 კვირა მარტო ეგეთ რაღაცებს ვიღებდით, მსახიობების გარეშე.
უბრალოდ ვიღებდით როგორ უყურებს ხალხი ფეხბურთს და ა. შ. ყველა ქალაქს
თავისი რითმი აქვს და გვინდოდა ეგ რითმი დაგვეჭირა აქაც.

ფილმში, ცოტა ძველებური, ნოსტალგიური ცხოვრების რიტმი იგრძნობა, გვხდება ძველი სახლები, მათ შორის მანქანები…

გვინდოდა მშვიდი განწყობა შეგვექმნა. თანამედროვე ადამიანი, სულ ამ მანქანებში, ხმაურში, ახალ მშენებლობებშია და მინდოდა მაგ სტრესისგან დაცლილი ყოფილიყო ეს ფილმი. ისიც გვაინტერესებდა, გადაგვეღო ისეთი რაღაცეები, რაც საფრთხეშია. ყველაფერი ძველი რაღაც მხრივ საფრთხეშია…

რაზე იქნება შენი შემდეგი ფილმი?

შემდეგი ფილმის გადაღებას სავარაუდოდ გაზაფხულზე დავიწყებთ. ფილმს სახელიც
შერჩეული აქვს – „ხმელი ფოთოლი“. ამ ფილმს შინაარსობრივადაც უხდება ეს სახელი და
გარდა იმისა რომ „ ხმელი ფოთოლია“ , საფეხბურთო ტერმინიც არის -ერთ-ერთი
დარტყმის ტექნიკას ნიშნავს, რომელიც ბრაზილიელებმა მოიგონეს და ჰქვია დარტყმას,
როცა ბურთი მიფრინავს ტრაექტორიით, რომლის შეფასება წინასწარ შეუძლებელია.

ხმელი ფოთოლიც ხო ასეა, როცა ვარდება ხიდან, პირდაპირ არ ეცემა მიწაზე, შეიძლება
რაღაც მომენტში გვერდზე გაიწიოს და ეს ტერმინიც მაქედან მოდის. ეს ფილმიც
ფეხბურთის სტადიონებზეა ერთი მხრივ და შინაარსიც შეიძლება უცებ სადღაც სხვაგან
წავიდეს. კაცი, რომელიც დადის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სოფლებში და
ეძებს შვილს, რომელიც დაიკარგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *