პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის” ფორმატში, კითხვა პასუხის რეჟიმში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს,
თეა წულუკიანს ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს.
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრი თავისი მოხსენების განმავლობაში გელათის საკითხს არ შეხებია.
“გაოგნებული ვარ, რომ ამხელა მოხსენების დროს ერთხელაც არ ახსენეთ გელათი, ვითომ იქ ყველაფერი კარგად არის და ის უბედურება არ მომხდარიყოს, რაც მოხდა, როდესაც უზარმაზარი ფული დაიხარჯა, მათ შორის მსოფლიო ბანკის.
თქვენ როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, განხილვაც მოაწყვეთ, მაგრამ შედეგი რა გვაქვს? როგორც ვიცით, გამოძიება მიმდინარეობს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, იმ ენით აუწერელი მავნებლობისთვის, რაც გელათში ჩაიდინეს, ვინმე დაისაჯა? როგორც ვიცი, “იუნესკოს” რეკომენდაციაა, რომ 1-ელ თებერვლამდე ყველაფერი უნდა მეტ-ნაკლებად აღდგეს. შესრულდა თუ არა ეს და რა ხდება ახლა, ისევ თუნუქით არის გადახურული გელათი და საფრთხის ქვეშ არის თუ ამ სირცხვილს თავი მოვაბით და დავძლიეთ?” – მიმართა ელისაშვილმა წულუკიანს.
გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მინისტრს მიმართა ლელოს წევრმა ანა ნაცვლისვილმაც.
“სათანადოდ მნიშვნელოვანად არ მიიჩნევთ გელათის თემას რომ თქვენს მოხსენებაში მოხვედრილიყო, თუ პასუხები არ გაქვთ იმ ბევრ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს,” – განაცხადა “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.