იუნესკოს ექსპერტები გელათის მონასტერში 23 ივნისს
ჩამოვლენ. ისინი გელათში 30 ივნისამდე იმუშავებენ. ამის შესახებ კულტურის სამინისტროში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი კედლის მხატვრობის დაზიანებისა და სახურავის მოწყობის ხარვეზების დიაგნოსტიკას მოახდენს. გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები და შემუშავდება სამოქმედო გეგმა.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ მისიის წარმომადგენლები სამუშაო პროცესში მედიასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებენ.
“ექსპერტებს მისიის დასრულებამდე მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ აქვთ გადაწყვეტილი. ისინი თვლიან, რომ მედიის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მხოლოდ მისიის დასასრულს, თბილისში დაბრუნებისას არის შესაძლებელი შემაჯამებელი ბრიფინგის გამართვა,”-აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
იუნესკოს ექსპერტების ჩამოსვლისათვის გელათში მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. შიდა და გარე პერიმეტრზე ხარაჩოები მოეწყო.
შეგახსენებთ, გელათის მონასტერში წყალი ჩავიდა, დაზიანდა ფრესკები. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად გელათი კვლავ საფრთხეშია.