თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს, რომელთაც სექტემბერში
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის ოთხწლიანი ვადა ეწურებათ, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022-ის იანვრამდე გაუხანგრძლივდებათ. გადაწყვეტილება კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო.
თეა წულუკიანის თქმით, მისი გადაწყვეტილების მიზანია, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს მიეცეთ ახალ სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობის მეტი დრო. მისივე განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც თეატრის სფეროში გასატარებელ რეფორმაზე იმუშავებს და შეხვედრის მონაწილე სამხატვრო ხელმძღვანელებსაც მიეცემათ აღნიშნულ ჯგუფში მუშაობის საშუალება.
“ეს საჭიროა იმისთვის, რომ უკეთესად გავიცნო, ვინ როგორ მუშაობს. რომელი თეატრი რა პროექტებს ახორციელებს. ვის რა ხელშეწყობა სჭირდება. ასევე, მათაც სჭირდებათ დრო, რომ ახალ სამინისტროსთან თანამშრომლობა ააწყონ. ერთმანეთს მივცემთ დროს. შეთავაზებას ზოგი სამხატვრო ხელმძღვანელი სიხარულით შეხვდა. თუ კი არიან ისეთები, ვისაც წასვლა სურს, მათ საქმიანობის გაგრძელებას ვერავინ აიძულებს,”-თქვა წულუკიანმა.
ქვეყნის მასშტაბით სულ 21 სამხატვრო ხელმძღვანელია, რომელთაც მუშაობის ოთხწლიანი ვადა სექტემბერში ეწურებათ.