ქუთაისში მხატვარ მაია ბადღუაშვილის გამოფენა გაიმართა.
ბარელიეფზე შესრულებული 40-მდე ნამუშევარი სხვადასხვა თემატიკას აერთიანებს. საუკუნის წინანდელი ნივთები, რომლებიც დამთვალიერებელს წარსულის თანაზიარს ხდიან, გვირილების თემაზე შექმნილი ნამუშევრები, რომელთა ინსპირაციაც ქუთაისი და მასთან დაკავშირებული დღესასწაული – გვირილობა იქცა, ბროწეულის სიმბოლიკა ნახატებში, როგორც მამის და მზრუნველობის სიმბოლო- ეს მაია ბადღუაშვილის შემოქმედების მხოლოდ ნაწილია. მაია, დაახლოებით, ერთი წელია, რაც ხატავს. ის თბილისში ცხოვრობს, თუმცა, როგორც ამბობს, ქუთაისს ხშირად სტუმრობს და ძალიან უყვარს. გვირილების თემაზე შექმნილი ნამუშევრებიც ქუთაისს უკავშირდება.
,,ეს ქალაქი, ხალხი, იმერული სტუმართმოყვარეობა ძალიან მიყვარს. გვირილები ქუთაისის სიმბოლოა, ამიტომ ჩემს ნამუშევრებში გვირილების თემასაც უჭირავს ადგილი. ძალიან მინდოდა გამოფენა გვირილობის დღესასწაულზე მომეწყო, მაგრამ ვერ მოვახერხე და დღეს ჩემს გამოფენას დაგვიანებული გვირილობა ვუწოდე. რაც შეეხება ბროწეულის თემატიკას, მამაჩემი ბროწეულს გამირჩევდა ხოლმე და მომიტანდა. განსაკუთრებულად ზრუნავდა ჩემზე. როცა მამა გარდაიცვალა, მთელი ის სიყვარული, რაც გულში მქონდა დაგროვილი ჩემს ნამუშევრებში გადმოვეცი. ბროწეულზე ყოველთვის მამა მახსენდება. ეს ხილი ჩემთვის კეთილშობილებასთან და ზრუნვასთან ასოცირდება,’’-ამბობს მაია.
ხელოვანი თავისი შემოქმედების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და როგორც ამბობს, ყოველთვის აქვს შეგრძნება, რომ ნამუშევარს რაღაც დააკლო, მაგრამ ვერასდროს გაიმეორებს იმას, რაც უკვე შექმნა.
,,რასაც გადმოვცემ, ჩემი გულწრფელი ემოციაა, შეუძლებელია ის მერედ შევქმნა. ვერც ტექნიკურად და ვერც ემოციურად მეორედ იმავეს ვერ გადმოვცემ’’-ამბობს მხატვარი.