გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემა
ვერ მოგვარდა. კედლებიდან ფრესკების ნაწილები იატაკზე ცვივა. ფაქტის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში “ევროპა ჩვენი სახლიას” წევრმა, თორნიკე ბარათაშვილმა გაავრცელა. კულტურის მინისტრი კი თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ გაჟღერებულ პრობლემას ასე გამოეხმაურა: “დაუკითხავად ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, იმიტომ რომ ეს აზიანებს ფრესკას, რომელიც ისედაც დაზიანებულია 2008 წელს დაწყებული ექსპერიმენტის შედეგად. საუბარია ბატონ ბარათაშვილზე, რომელიც ავიდა დაუკითხავად ხარაჩოზე. გასაგებია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ყველას გთხოვთ, წინ დააყენოთ გელათის ინტერესი”.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი აცახდებენ, რომ ინტერიერში რამდენიმე თვეა წყლის ინფილტრაციის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა და ჩამოცვენილი ფრესკები ხარაჩოებზე თორნიკე ბარათაშვილის ასვლისა და გადაადგილების შედეგია, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება. სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, გარეშე პირთათვის დაიკეტოს ტაძარში განლაგებულ ხარაჩოებზე ასასვლელი, რისთვისაც შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება.
თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ შიდა კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ფრესკების სტრუქტურის ცვლილება, შესაბამისად, გამოფხვიერებისა და ცვენის შემთხვევები არის ყოველდღიური. მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება, რომ ხარაჩოებზე გადაადგილებამ გამოიწვია აღნიშნული, არის მტკნარი სიცრუე.
“გასული წლის ზაფხულში ხარაჩოზე ასვლით დაფიქსირდა ჩემს მიერ მდგომარეობის სირთულე. ამას მოჰყვა ერთი წლის თავზე პრობლემების ნაწილობრივ აღიარება, თორემ თავში სახელმწიფო საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ გელათში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. დღეს ყველამ იცის, რომ გელათში კატასტროფა ხდება, ამის გავრცელებაში ჩვენი როლი მნიშვნელოვანია. ამოცანა მინისტრის მხრიდან არის ის, რომ დახუროს ალტერნატიული ობიექტური ინფორმაციის წყარო, ჩვენი მონიტორინგი აკრძალოს გელათში და ერთადერთ წყაროდ დატოვოს სახელისუფლებო ვერსია,”-ამბობს ბარათაშვილი.
“თაობათა დიალოგის” წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე მიიჩნევს, რომ გელათში მძიმე მდგომარეობაა, რასაც სამინისტრო და ექსპერტები ადასტურებენ. კოხრეიძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორის დადანაშაულებას თავი უნდა დაანებოს.
“ის რომ “ევროპა ჩვენი სახლია” დადის გელათში და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, რა ხდება მონასტერში, არის სრულიად ჯანსაღი პროცესი. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს არის ის, რაც უნდა ვაკეთოთ სამოქალაქო სექტორმა. ვფიქრობ, რომ საზოგადოების ჩართულობა უფრო მაღალი უნდა იყოს, რადგან გელათის მონასტერი არ ეკუთვნის კულტურის სამინისტროს,”-ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.
გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა. მოეწყო დროებითი გადახურვა. შეიცვალა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები, თუმცა, პრობლემა ვერ გვარდება.