მესხიშვილის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 23 და 25 აპრილს
მაყურებელი სპექტაკლს “თქვენო უდიდებულესობავ!…” იხილავს, რომლის რეჟისორი კოტე აბაშიძეა. ეს არის ფსიქოლოგიური მონოდრამა ერთ
მოქმედებად. სპექტაკლი ნუგზარ ლორთქიფანიძის პიესის მიხედვით შეიქმნა, რომელიც წლების განმავლობაში მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სპექტაკლიც მის ხსოვნას ეძღვნება.
როგორც სპექტაკლის რეჟისორი კოტე აბაშიძე ამბობს, თემა აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეხება იმ პრობლემატიკას, რომელიც მარადიულია.
“ეს არის ინდივიდისა და სისტემის ურთიერთობა. ეს არის ჩვენი მესხიშვილის თეატრის დამოკიდებულება და პოზიცია ზოგადად ამ პრობლემის მიმართ. ეს არის პოლიტიკური თეატრის ჟანრი, მაგრამ არ არის არავითარი კონკრეტიკა. სპექტაკლის მთავარი სათქმელი არის ის, რომ მახინჯი სისტემა თავის წიაღში ყოველთვის ახალ მახინჯ სისტემას შობს და სანამ საზოგადოება არ იქნება აქტიური, მომთხოვნი, განათლებული, მუდმივად იქნება ეს პრობლემა. თუ რამის შეცვლა გვინდა, ჯერ ჩვენ უნდა შევიცვალოთ,”-ამბობს კოტე აბაშიძე.
პანდემიით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ, მესხიშვილის თეატრმა სპექტაკლების ჩვენება 3 აპრილიდან განაახლა.