ქუთაისის ოპერის თეატრს დაარსებიდან 51 წელი
შეუსრულდა. პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, წელს თეატრმა საიუბილეო თარიღი ვერ აღნიშნა. მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი ამბობს, რომ საიუბილეო თარიღი ტრადიციულად პრემიერით აღინიშნებოდა, წელს მზადება დაიწყო, თუმცა, პანდემიის გამო ვერ დასრულდა. მაყურებლისათვის ბიძინა კვერნაძის ოპერა “იყო მერვესა წელსა” იდგმებოდა.
რევაზ ჯავახიშვილი თეატრს გაძლიერებას უსურვებს და ამბობს, რომ პანდემიამ მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაცია ასწავლა. მთავარი დირიჟორი იმედოვნებს, რომ 2021 წელს თეატრს მაყურებელი დაუბრუნდება.
“იმედი მაქვს, მომავალ წელს ჩვენი მაყურებელი დაუბუნდება დარბაზს და ჩვენ დავბრუნდებით სცენაზე. ეს იქნება ალბათ ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩვენს შემოქმედებაში. ამდენი ხანი უმოქმედოდ ყოფნა არის დამთრგუნველი პირველ რიგში. ჩვენ საქმეში ყველაზე მთავარი არის სისტემატიური მუშაობა, რომ ყველა იყოს ფორმაში, რასაც ახლა ყველაზე მეტად ვართ მოკლებული. ჩემი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ თეატრს, იმიტომ რომ ვსწავლობთ როგორ ვიცხოვროთ ამ ვირუსთან ერთად. თუ დაველოდებით როდის აღმოიფხვრება ეს ყველაფერი, მერე ძალიან გვიანი იქნება ყველაფრის აკინძვა და აკრეფა, რადგან შემოქმედებას მუდმივი შრომა და განახლება სჭირდება,”-განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა.