ხარაგაულელი ელექტრონული მუსიკის

 

კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა. 22 წლის კომპოზიტორს ლაურეატის წოდება სადებიუტო ალბომმა სახელწოდებით “Halfie” (CES Records) მოუტანა. გამარჯვებული დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.

ანუშკა ჩხეიძე ამბობს, რომ ალბომი, რომელიც 8 ტრეკისაგან შედგება, ქუჩაში მყოფ ადამიანებს მიუძღვნა, სახელწოდება მოგონილია და ადამიანის ყველაზე გულწრფელ ნაწილს ნიშნავს. მუსიკოსი ალბომის შექმნაზე ნახევარი წელი მუშაობდა.

“გამიკვირდა, როდესაც ნომინანტებს შორის მოვხვდი, რადგან უმეტესად კლასიკური მუსიკის წარმომადგენლები იმარჯვებდნენ. მე უფრო დამწყები მუსიკოსი ვიყავი, ვიდრე სხვები. მე 4 წელია ამ სფეროში ვარ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა წარდგენილი ნამუშევარი და არა პიროვნების გამოცდილება. ვფიქრობ, რომ ბევრი ნაფიქრი და ნამუშევარი იყო,”-ამბობს ანუშკა ჩხეიძე.

მუსიკოსის თქმით, მიღებულ პრიზს კარიერულ განვითარებაში გამოიყენებს.

2020 წლის პრემიის ლაურეატები ჯამში 8 მიმართულებით გამოვლინდნენ.

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა–სემინარზე დაიბადა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი მომდევნო წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *