დღეს ქართველი მხატვრის, მწერლის, თეატრისა და კინოს
რეჟისორის, რეზო გაბრიაძის დაბადების დღეა. მას 84 წელი შეუსრულდა. რეზო გაბრიაძე 1936 წლის 29 ივნისს, ქუთაისში დაიბადა.
რეზო გაბრიაძე ავტორია 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, რომელთა შორისაა: “არაჩვეულებრივი გამოფენა” , “სერენადა”, “არ დაიდარდო” , “ქვევრი”, “ფეოლა”, “შერეკილები”, “მიმინო” და სხვა. როგორც მხატვარმა, რეზო გაბრიაძემ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მისი ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. ფერწერული ნამუშევრების გარდა, რეზო გაბრიაძის ცნობილი სკულპტურები ოდესასა და სანქტ-პეტერბურგშია. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა: საქართველოში, საფრანგეთსა და რუსეთში.
გაბრიაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიცაა. ეს ერთი რეჟისორის თეატრია, თანაც გამორჩეული იმითაც, რომ თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვისაა.
1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც ინდივიდუალური, საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა და თბილისის ერთ-ერთ პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. გაბრიაძის თეატრმა თავისი სპექტაკლებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. თეატრის ფასადზე რეზო გაბრიაძის დევიზი წერია – “Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare” – “დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს”.