საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების
ფონდის ინფორმაციით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ფონდმა გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები 2 ეტაპად განახორციელა.
პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა გელათის მონასტერთან ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოს, ავტოსადგომის და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზირებულ საყრდენ კედელს. მოეწყო მანიშნებლები, ბორდიურები, ღობე და ავტოსადგომისთვის გარე განათება. მოასფალტდა ტაძრამდე მისასვლელი 600-მეტრიანი გზა.
ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.