კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ფესტივალის “თეატრალური იმერეთი” შეცვლილი
თარიღით ჩატარება იგეგმება. ფესტივალის გენერალური დირექტორი, მაია პაქსაშვილი ამბობს, რომ თუ ქვეყანაში ეპიდ სიტუაცია გაუმჯობესებას განაგრძობს, ფესტივალი სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისისთვის ჩატარდება. მაია პაქსაშვილი რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას აცხადებს, რომ ფესტივალი შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიმართება და დაცული იქნება 2 მეტრიანი დისტანცია.
“გავუწევთ ორგანიზებას, რომ დარბაზში მაყურებლებს შორის დისტანცია დაცული იყოს. მთავარია, სამინისტროსაგან ჯერ მუშაობის ნებართვა მივიღოთ, რადგან თეატრების შესახებ რაიმე ინფორმაცია ცნობილი არ არის. როდესაც ფესტივალი დავგეგმეთ, მაშინ საზღვარგარეთიდან ოთხი კოლექტივი გვყავდა მოწვეული, მათ შორის პოლონეთიდან, უზბეკეთიდან და აზერბაიჯანიდან. ახლა რაიმე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია,”-ამბობს მაია პაქსაშვილი.
თეატრალური ფესტივალი ყოველ წელს ტარდება. მეოთხე წელია, რაც მან საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი მოიპოვა და შესაბამისად ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნების თეატრალური დასები მონაწილეობენ. მაყურებლის წინაშე სპექტაკლებით იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრები გამოდიან, რომლებსაც სპეციალური ჟიური აფასებს. გასულ წელს ფესტივალის მე-10 საიუბილეო წელი აღინიშნა. ფესტივალი მაისის ბოლოს დაიწყო და ივნისის დასაწყისამდე გაგრძელდა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე