ქუთაისში საშობაო მსვლელობა მოეწყო. “ალილოს” მონაწილეები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ
და საშობაო ნობათი ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში შეაგროვეს. მსვლელობაში მონაწილეობა ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა “ნაი-ნაიმ” მიიღო, რომელთაც საშობაო სიმღერები შეასრულეს.
“არაერთი დღესასწაულია, რომლებიც ბავშვებს ეძღვნება. ეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე იქნება თუ მირქმა. მათ შორის ყველაზე დიდი დღესასწაულია შობა. ბავშვებმა უნდა დაინახონ, რომ უფალი ჩვილი ბავშვივით მოვიდა ამ ქვეყანაზე და აქ აღიზარდა. მისი სიდიდე და სიდიადე შემდეგ გაცხადდა. დიდობის მაგალითი და ეტალონი უფალია. ის არის სიყვარული, სიკეთე და ერთობა,”-განაცხადა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა.
მსვლელობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორიც შეუერთდნენ. მათ მოქალაქეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
“შობის დღესასწაულს ვულოცავ იმერეთსა და მთელ საქართველოს. მისი აღნიშვნა ჯერ კიდევ გუშინ დავიწყეთ და დღეს ტრადიციული მსვლელობა ეწყობა,”-განაცხადა იმერეთის გუნერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ.
მსვლელობისას შეგროვებული ნუგბარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, “დღის ცენტრებსა” და წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარს გადაეცემა.
“ალილო” იმერეთის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა.