,,შენთან უშენოდ” – ასე ჰქვია წიგნს, რომლის წარდგენაც ქუთაისში გაიმართა. ,,შენთან უშენოდ” რომანია,
რომლის ავტორიც მწერალი და საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარიაა. ეს მისი რიგით მეხუთე რომანია და მწერალმა იგი მკითხველს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში თავად წარუდგინა.
,,გამოიცა ჩემი რიგით მეხუთე რომანი ,,შენთან უშენოდ”. გმირი არის დაახლოებით 80 წლის და იგონებს ვინ და როგორ უყვარდა. ჩანაწერებს დიდხანს ვაკეთებდი რომანის შესაქმნელად.”- აღნიშნა მწერალმა გურამ ოდიშარიამ წიგნის წარდგენისას.
რომანის მთავარი გმირი მევიოლინეა, რომელიც იგონებს ცხოვრების განვლილ გზას. იხსენებს საყვარელ ქალებს. მათთან დაკავშირებულ ამბებში იკითხება საქართველოს უახლესი ისტორია თავისი ომებით და მშვიდობით.თითოეულმა ქალმა დაუვიწყარი მოგონებები დაუტოვა მევიოლინეს, ერთმა კი განსაკუთრებით.
ავტორია 9 პოეტური და 10 პროზაული წიგნის, რამდენიმე პიესის, კინო და ტელესცენარის. ცნობილია მისი რომანები “შავი ზღვის ოკეანე”, “სოხუმში დაბრუნება” და “პრეზიდენტის კატა”, ასევე მისი პიესა “… ზღვა, რომელიც შორია”, რომელიც დადგა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე.