ქუთაისში ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. კონცერტი ქუთაისის მერიის საახალწლო
ღონისძიებების ფარგლებში 21 დეკემბერს, 19:00 საათზე ლადო მესხიშვილის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება.
შესრულდება კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის სიმფონიური და საგუნდო მუსიკა. მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე, სოლისტი ქეთევან ქართველიშვილი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი. ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე.
ვახტანგ კახიძეს მიმდინარე წლის 23 მარტს 60 წელი შეუსრულდა.
1984 წლიდან არის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი; 1990 წელს დაიწყო მოღვაწეობა, როგორც დირიჟორმა; 1993 წლიდან თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია; 2002 წლიდან თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, აგრეთვე სათავეში ჩაუდგა თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს “შემოდგომის თბილისი”. წარმატებით მუშაობს სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში – კარგადაა ცნობილი მისი სიმღერები, მუსიკა ფილმებისა და თეატრალური წარმოდგენებისთვის, აგრეთვე ჯაზური კომპოზიციები.