ქუთაისში საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისათვის 37 ათასი
ლარია განკუთვნილი. ღონისძიებების მოსაწყობად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნული თანხით უნდა მოხდეს ნაძვის ხის ანთების ცერემონიისთვის განათების აპარატურითა და განათების რეჟისორით მომსახურება, ცენტრალურ მოედანზე 2019 წლის 31 დეკემბერს გალა-კონცერტისა და მონ-პლეზირის თაღთან დღის კონცერტისთვის წამყვანების მოძიება, ღია ცის ქვეშ, საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 13:00-დან 17:00 სთ-მდე, კოსტუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენების მოწყობა, უნდა გაიმართოს დრამერების (არანაკლებ 10 პერსონა) შოუ-მსვლელობა, მსახიობების, ჟონგლიორების , ილუზიონისტების დაქირავება, პანტომიმის თატრის მსახიობების თეატრალური წარმოდგენის გამართვა, ბერიკების თეატრალური წარმოდგენის გამართვა, თოვლის ბაბუას ხურჯინისთვის ტკბილეულის შეძენა, გოზინაყისა და ხაჭაპურის დამზადება და ა.შ.
სატენდერო წინადადებების მიღება დღეს, 5 დეკემბერს დასრულდება.
საახალწლო და საშობაო ღონისძებების გასამართავად წელს გასულ წელთან შედარებით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული. 2018 წელს ღონისძიებების მოსაწყობად 42 ათას 955 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.