ქუთაისში გამართულ ფოტოკონკურს “ილოში” პირველი ადგილი
ქუთაისელმა ფოტოგრაფმა გიორგი ცხელიშვილმა დაიკავა. ფოტოკონკურსის გამარჯვებული ამბობს, რომ ფოტოხელოვნებით ბავშვობიდან დაინტერესებული იყო, თუმცა, საყვარელი საქმე პროფესიად ბოლო 5 წლის განმავლობაში აქცია.
ძირითადად პორტრეტებისა და პეიზაჟების გადაღებაზე მუშაობს. გიორგი ცხელიშვილმა ფოტო, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა, გასულ ზაფხულს ჯუთაში, ჭაუხებში გადაიღო.
“ფოტო ზაფხულში გადავიღე ჯუთაში, ჭაუხებში. მთასვლელებს ვახდი, რადგან მოყვარული მთასვლელი ვარ. მოულოდნელად დავინახე საოცარი კადრი. გადაღების პროცესი რთული არ იყო. უეცრად მოიღრუბლა და ნისლი დადგა. ამ დროს მოვასწარი გადაღება, რადგან მზეში ასეთი ეფექტური არ იქნებოდა,”-ამბობს გამარჯვებული ფოტოს ავტორი.
გიორგი ცხელიშვილი მსგავსი ტიპის კონკურსებში მონაწილეობის მიღებას კვლავ გეგმავს და ამბობს, რომ ეს ფოტოგრაფის განვითარებისათვის აუცილებელია.
ფოტოკონკურსი “ილო” გუშინ დასრულდა. გამოვლინდნენ სამი საპრიზო ადგილის მფლობელები. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაშიც დასახელდნენ.
ფოტოკონკურსის თემა თავისუფალი იყო. ჟიურიმ არჩევანი 300 ნამუშევარს შორის გააკეთა. კონკურსზე წარდგენილი ფოტოსურათების ავტორებიდან 40 უცხოელია და ქუთაისის დაძმობილებულ ქალაქებს წარმოადგენს. ფოტოკონკურსი წელს მეთორმეტედ ჩატარდა. 2018 წლიდან ის საერთაშორისო ხასიათს ატარებს.