საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მხარდაჭერით, 4 ოქტომბერს, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება. ღონისძიებები დაგეგმილია იმერეთშიც.
ბაღდათში ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში ღონისძიებები 15:000 საათზე დაიწყება. გაიმართება კონცერტი, ნახატების გამოფენა და პერფომანსი.
13 :00 საათიდან დაიწყება ღონისძიებები ზესტაფონში. ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში , 13:00 საათზე “ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს” – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრების (ნახატები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები) გამოფენა გაიმართება.
პარალელურად უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას (ლექსი, ჩანახატი), ღონისძიებაში ასევე ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პოეტები.
ქუთაისში 5 ოქტომბერს ევროპის მემკვიდრეობის დღის აღნიშვნა 12 :00 საათიდან დაიწყება. ვერიკოს სკვერში ფოტოგამოფენები “ქუთაისი ევროპული ქალაქია” და “ქუთაისელი ევროპის ჩემპიონები” გაიმართება, მოეწყობა ნიღბების თეატრის გმირების მსვლელობა; გ. მაისურაძის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ფერწერული ნამუშევრების შექმნიან. ღონისძიებები სკვერში 14:00 საათამდე გაგრძელდება.
6 ოქტომბერს ღონისძიება დაიწყება ზ.ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში. მოეწყობა გამოფენა და წაიკითხავენ მოხსენებებს ქუთაისელი კათოლიკეების შესახებ.
18:00 საათზე კი თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
წყალტუბოში ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება. რუსთაველის ქუჩაზე ფოტო გამოფენა “საქართველოს გზა ევროპისკენ მიდის” მოეწყობა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კი კონფერენცია “საქართველო და ევროპა” გაიმართება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 15:00 საათზე ხელოვნებისა და სანახაობის თემის ირგვლივ ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყობა.
ვანში, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში, სოფ. ბზვანის საჯარო სკოლა 13:00 საათზე მოძრავი გამოფენას მოაწყობს. გაიმართება საუბრები გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების ცხოვრებისა და მათი შემოქმედების შესახებ.
ხარაგაულში, ისტორიულ მუზეუმში, 12:00 საათზე ევროპის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ძეგლების ფოტოგამოფენა “ხელოვნება და ევროპული ღირებულებები” , ასევე საუბრები ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ იდენტობას შორის არსებულ კავშირებზე, მათ შორის გასტრონომიაში გაიმართება. ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდება ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებით. მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი აქტივობა პატარებისთვის, მუზეუმის ეზოს მოხტავენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოებრივი სიმბოლიკით, 16:00 საათზე ნუმიზმატიკისა და ბონისტიკის ნიმუშების გამოფენა – ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში დაცული ევროპის ქვეყნების ფულის ნიშნები გაიმართება.
“ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას. ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები ევროპის საბჭოს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვადასხვა დარგების ურთიერთკავშირზე.