ქუთაისში სერიალის გადაღება მიმდინარეობს. გადასაღები მოედანი მესხიშვილის
თეატრში მოეწყო. ეპიზოდში, რომელიც 1870 წლის ნიუ-იორკს აცოცხლებს, 50-მდე ადამიანი მონაწილეობს.
“სიამის ტყუპი პირველად გაჩნდა ტაილანდის სოფელ სიამში და ამიტომ მის მერე მთელი მსოფლიო იყენებს ტერმინს სიამის ტყუპები. ეს ისტორია არის დაფუძნებული რეალურ ამბავზე. სიამის ტყუპები დაჰყვებიან ცირკის დასს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ეძებენ ექიმს, რომელიც გაუკეთებს ოპერაციას და მათ განაცალკევებს. სიუჟეტი ვითარდება ისე, რომ იპოვიან ექიმს, რომელიც მათ გაუკეთებს ოპერაციას წარმატებით, მაგრამ დამოუკიდებლად ცხოვრებას დიდი ხნით ვერ გააგრძელებენ,”-ამბობს საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის დირექტორი თაკო ჟღენტი.
ეპიზოდს საქართველოს მხრიდან “ჯორჯიან ფილმ პროდაქშენი” ტაილანდურ კინოსაპროდიუსერო ჯგუფთან “კანტანა მოუშენ ფიქჩერსთან” ერთად იღებს.
გადაღებები მესტიის ცენტრიდან და სვანეთში არსებული მაღალმთიანი რაიონებიდან დაიწყო და თბილისში დასრულდება, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, თეატრსა და რამდენიმე ლოკაციას გადაიღებენ.
გადაღებების განმავლობაში ჯამში 380-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
საქართველოში გადაღება 19 ივლისს დაიწყო და 28 ივლისს დასრულდება.