ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინე ლომინაძის მოწვევით ქუთაისის ოპერის თეატრს
ორი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული შემოქმედებითი ჯგუფი “კაპიტოლიუმის გუნდი” სტუმრობდა. ირინე ლომინაძის გადაწყვეტილებით, სპეციალურად სტუმრებისათვის ოპერის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი” გაიმართა. მუსიკათმცოდნე ჯონ გრენის თქმით, ფალიაშვილის შემოქმედებით მათი დაინტერესება დიდია. “აბესალომ და ეთერის” მოსმენა კი მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.
“კაპიტოლიუმის გუნდი” საქართველოში 9 დღით იმყოფება. 6 კონცერტს ჩაატარებენ. ქუთაისის ოპერის თეატრში ჩავატარეთ სრული კონცერტი. დიდი პატივია ჩვენთვს ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი” მოვისმინოთ. სპეციალურად ჩვენი გუნდისთვის შესრულდა. ქუთაისი ფალიაშვილის ქალაქია. ჩვენი გუნდის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზიც ის იყო, რომ გვენახა ფალიაშვილის ქალაქი. მის ლიტურგიას ვგალობდით. მშვენიერი ქალაქია და დიდი პატივია, რომ აქ გვიმასპინძლეს.”- ამბობს ჯონ გრენი, მუსიკათმცოდნე, საქართველოში “კაპიტოლიუმის გუნდის” ვიზიტის ორგანიზატორი.
ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამერიკელი მუსიკოსების ქართული მუსიკით დაინტერესება მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.
“კაპიტოლიუმის გუნდმა” ფალიაშვილის ლიტურგია შეასრულა. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია. საელჩოსთან მოლაპარაკებით გადავწყვიტეთ ვაჩვენოთ უკვდავი “აბესალომ და ეთერი”. მათ ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს ქართული მუსიკის მიმართ და დაამტკიცეს კიდეც თავსი არჩევანით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი არმაზ დარაშვილი გვყავს სტუმრად აბესალომის პარტიაში. ჩვენი თეატრი გამოირჩევა ეროვნული რეპერტუარით და იქედან გამომდინარე, რომ გვაქვს პირდაპირი ფრენები ევროპასთან, არ არსებობს ერთი სპექტაკლიც კი, განსაკუთრებით ქართული სპექტაკლი, რომ რამდენი უცხოელი ტურისტი არ შემოვიდეს. ეს ძალიან მახარებს და მიჩენს იმედს რომ თუ კიდევ უფრო განვვითარდებით და უფრო წარმატებულები ვიქნებით მსმენელი და მაყურებელი არ მოგვაკლდება”.- განაცხადა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულმა მუსიკოსებმა 2015 წელს “აბესალომ და ეთერის” განახლებული სპექტაკლი იხილეს. დირიჟორია – რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი – თემურ არსენიძე, ქორეოგრაფები – ვახტანგ უშვერიძე და კოტე დოლაბერიძე. სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინე ლომინაძე, კოსტიუმების მხატვარია გიორგი ალექსი-მესხიშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ: არმაზ დარაშვილი (აბესალომი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ევროპის სხვა და სხვა თეტრების სოლისტი), ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები – ნათია სტეფანიშვილი (ეთერი), კალისტრატე ხარჩილავა (აბიო მეფე), ნუცა ზაქაიძე (ნათელა), სოფიო ბერიშვილი (მარიხვარსკვლავი), ბაკურ კვირიკაშვილი (მურმანი), ინგა ფუტკარაძე (ნაანა), ბადრი სახამბერიძე (თანდარუხი), რამაზ კუბლაშვილი (სტუმარი), ემილ ჩარგაზია (მსახურთუხუცესი), თეატრის გუნდი (მთვარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი, პანტომიმის თეატრი ბაქარ ბაქრაძის ხელმძღვანელობით.
შეგახსენებთ, ქუთაისის ოპერის თეატრში 27 ივნისს “კაპიტოლიუმის გუნდმა” ფრედერიკ ბინქჰილდერის დირიჟორობით ზაქარია ფალიაშვილის “ლიტურგია” ქართულ ენაზე შეასრულა. კონცერტში მათთან ერთად მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული “კამერული” გუნდი მონაწილეობდა ირინე ლომინაძის ხელმძღვანელობით.