ქუთაისს კაუნასის ნაციონალური დრამატული თეატრის დასი ესტუმრა.
ისინი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით “მახინჯი” წარსდგენ. “მახინჯი” ერთმოქმედებიანი კომედიაა, რომელიც გერმანელი დრამატურგის მარიუს ფონ მაიენბურგის პიესის მიხედვით დაიდგა. სიუჟეტის მთავარი გმირია მეცნიერი ლეტი, რომელიც სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს. მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრება არც თუ ისე ნორმალურია, როდესაც მის ნაცვლად, მთავარი გამოგონების წარდგენა თანაშემწეს დაევალება, რადგან თავად უშნოა. ლეტი გადაწყვეტს მიმართოს პლასტიკურ ქირურგიას.
კაუნასის დრამატული თეატრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სპექტაკლი მეტაფორაა იმის შესახებ, რომ როდესაც ვიცვლით ჩვენს სახეს, ვკარგავთ იმას, რაც ჩვენში უნიკალურია. მისივე თქმით, პრობლემა გლობალურია.
“მთავარი გმირი იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას და იცვლის სახეს. ეს არის მეტაფორა იმისა, რომ უნდა ვიყოთ საკუთარი თავი და როდესაც ვიცვლით იმიჯს, ვკარგავთ იმას, რაც ჩვენში უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ეს გლობალიზაციის თანმდევი პრობლემაა. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ჩვენი იდენტურობა, სინამდვილეში კი ძალიან მნიშვნელოვანია, იგრძნო სხვაობა ადამიანებს, ქვეყნებს, კულტურებს შორის. მეტაფორით ჩვენ სწორედ ამის თქმა გვინდა,”-განაცხადა კაუნასის დრამატული თეატრის დირექტორმა.
თეატრალური დასი საქართველოში პირველად არ არის. ისინი უკვე იმყოფებოდნენ თბილისსა და თელავში. ქუთაისში კი ეს მათი პირველი ვიზიტია.
“ქუთაისში ყოფნით ძალიან მოხარულები ვართ. ქუჩაში როდესაც ვკითხულობ ეს რა შენობაა, ხალხი მეუბნება რომ როგორ შეიძლება არ ვიცოდე ოპერის თეატრის შესახებ. ვფიქრობ, ქუთაისში ხალხის ესმის, რომ თეატრი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კულტურის ნაწილია. ვგრძნობ, რომ ქუთაისი კულტურით ცხოვრობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,”-ამბობს თეატრის ხელმძღვანელი.
კაუნასის თეატრი ქუთაისში მესხიშვილის თეატრთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმყოფება.
“მემორანდუმი გულისხმობს არა მხოლოდ მათ ჩამოსვლას ქუთაისში, არამედ რეჟისორების გაცვლას. გვექნება ერთობლივი შემოქმედებითი პროექტები. ლიეტუვაში ჩვენც ჩავალთ საკუთარი სპექტაკლებით,”-განაცხადა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, ქუთაისში უკვე იმყოფებოდა ბელორუსის დრამატული თეატრი, რომელმაც 3 სპექტაკლი წარადგინა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”