საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა.
თარიღი აწსუ-ს სტუდენტებმა მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებით აღნიშნეს. მისი მოწყობის ინიციატივა იმ სტუდენტებს ეკუთვნით, რომლებიც ატოცში რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ.
“ზვიად გამსახურდია არის პიროვნება, რომელიც ქართველი ერისაგან დაფასებას იმსახურებს. ახალგაზრდებმა მისი ღვაწლის შესახებ ბევრი რამ უნდა იცოდნენ. ეროვნული ცნობიერების ამაღლებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით 15-მა სტუდენტმა გადავწყვიტეთ, მისი მოღვაწეობის პერიოდი გაგვეცოცხლებინა და წაგვეკითხა მისი ლექსები,”- განაცხადა აწსუ-ს სტუდენტმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნანა ჩხობაძემ.
“კარგია, რომ მსგავსი ღონისძიებები მთელ საქართველოში ჩატარდა, მაგრამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის იუბილეს არ მიეძღვნა სახელმწიფოებრივი ღონისძიებები. კარგია, რომ ერში არსებობს ის სურვილი და მუხტი, რომ კიდევ ერთხელ გაიხსენონ გამსახურდიას ღვაწლი,”-განაცხადა ისტორიკოსმა, აწსუ-ს პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, პრემიერ მინისტრის ინიციატივით საქართველოს ფოსტამ საიუბილეო მარკა გამოსცა. მარკის ვიზუალში გამოყენებულია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველი დროშა და პირველი პრეზიდენტის პორტრეტი, რომელიც ზვიად გამსახურდიას პირველი საავტორო წიგნის “საქართველოს სულიერი მისიის” ყდაზე იყო დაბეჭდილი.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე/საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული საიუბილეო მარკა