ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყო. საბავშვო ანსამბლ “ნაი-ნაი”-ს წევრებმა საშობაო “ალილო” შეასრულეს.
მსვლელობა სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან დაიწყო და ცენტრალურ მოედანზე დასრულდა. ალილოს მონაწილეებმა ტკბილეული და საჩუქრები მიიღეს და მსვლელობის დროს თანხაც შეაგროვეს. შეგროვებული თანხა მოხუცთა პანსიონატსა და სხვადასხვა დღის ცენტრს გადაეცემა.
საშობაო მსვლელობის მონაწილეები ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტარტემ დალოცა.
“დღეს ბედნიერი დღეა როგორც მთელი მსოფლიოსათვის, ასევე ქუთაისისათვის. დღეს არის შობა იესო ქრისტესი, რომელიც მოავლინა ზეციერმა კაცობრიობის გადასარჩენად. იმისათვის, რომ კაცობრიობამ დაიბრუნოს მართლმადიდებელი სარწმუნოება,”-განაცხადა ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტარტემ.
შობის ბრწყინვალე დღესასწაული მონაწილეებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამაც მიულოცა, რომელმაც ქვეყანას გამთლიანება და გაერთიანება უსურვა.
მსვლელობა იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
“იმერეთსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვუსურვებ, რომ იყოს მშვიდობა, სიყვარული და ურთიერთგაგება. მიუხედავად უამინდობისა, მსვლელობა 12-ივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა,”-განაცხადა ვიცე-გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა.
საშობაო ლიტურგია კი შობის ღამეს, 12 საათზე დაიწყო ბაგრატის ტაძარში.