ქუთაისში საზოგადოებრივ-ლიტერატურული
გაერთიანება ,,პარნასელები” შეიქმნა. გაერთიანების მიზანია საზოგადოების შემოქმედებითი დამუხტვა.
გთავაზობთ გაერთიანების განცხადებას უცვლელად:
“ჩვენ თავს ვაცხადებთ ,,ცისფერყანწელთა” მემკვიდრეებად და ვეთაყვანებით ხელოვნებას, როგორც პოეტური სულიერების ნავსაყუდელს, როგორც უძრავ-მამოძრავებელ ენერგიას, რომლის შინაარსი მჭვრეტელობითი უნარის სრულად გამოვლინებით აღიქმება.
ლიტერატურული გაერთიანება ,,პარნასელები” ამსხვრევს ყოველ მანკიერ სტერეოტიპს სამწერლო უნივერსალიებისა და დიდაქტიკოსი ავტორიტეტების შესახებ, რომელთა მიმართ პატივგება და ბაძვა აფერხებს განვითარების პერსპექტივებს. ამავდროულად კი, აუცილებელ პირობად მივიჩნევთ აზრთა სტრუქტურულ სინთეზირებასა და ნებაყოფლობით, სუბიექტური გაცნობიერების შედეგად მიღწეულ დეკონსტრუქციას, როგორც მეთოდოლოგიური დისკურსით განპირობებულ ფენომენალიზმს.
,,პარნასელები” აერთიანებს სხვადასხვა ლიტერატურული გემოვნების ავტორებს, კრიტიკულად თუ კონფორმულად განწყობილ მასებს, რომელთა აზრობრივი ჭიდილი პროცესუალურ დინამიურობად გვევლინება და ქმნის მყოფობის მეტათეორიულ სუბსტრატს.
ჩვენი საზოგადოებრივ-ლიტერატურული გაერთიანება ღიად უპირისპირდება იმ ბეჭდვითი პერიოდიკის რედკოლეგიას, რომელსაც საკუთარი გემოვნების მიხედვით გადაუწყვეტია ტექსტების დაბეჭდვა. ჩვენის აზრით, პერიოდიკამ უნდა შეასრულოს გამტარის როლი ავტორისა და მკითხველის დაკავშირებისათვის, დაე, მკითხველის სამსჯავროზე დაკონკრეტდეს ტექსტის ავკარგიანობა.
საზოგადოება ,,პარნასელები” ერთიანდება მეცნიერულ-ლიტერატურული ჟურნალი ,,აფინაჟის” რედაქციასთან.
საზოგადოებას ვპირდებით მრავალ საინტერესო ღონისძიებას: პოეტურ შეკრებებს, სამუსიკო ფესტივალებს, თეატრალურ წარმოდგენებს, საჯარო დისკუსიებს აქტუალურ და პრობლემატურ თემებთან დაკავშირებით.
,,პარნასელების” სულის ჩამდგმელია – ლევან გოგაბერიშვილი (გორვანელი).
საზოგადოებრივ-ლიტერატურულ გაერთიანებაში წევრები მიიღება ოფიციალურად.
საზოგადოება ,,პარნასელების” დაარსებიდან, მისი მოქმედი და შეუცვლელი წევრები გახლავთ:
დავით კაკაურიძე
თორნიკე ფახურიძე
ელგუჯა ბერიშვილი
ფარსმან ფორჩხიძე
ირაკლი ჯაფარიძე
,,პარნასელების” დაარსების თარიღად ვაცხადებთ 2018 წლის 1 (პირველ) ოქტომბერს.
ლევან გოგაბერიშვილი, როგორც ამ საზოგადოების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მიღებულ წევრებზე და გაერთიანების შინაარსიან ფუნქციონირებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. გაერთიანების ყოველი წევრი მოემსახურება საზოგადოებრივ საქმეს, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოიხატება ხელოვნების იდეალიზაციითა და ჯანსაღი ლიტერატურული გარემოს შექმნით.
ქალაქ ქუთაისის ხელმძღვანელობას მივმართავთ თხოვნით, რომ გამოგვიცხადონ მხარდაჭერა და გამოგვიყონ მცირე ფართი, სადაც ტერიტორიულად განთავსდება ჟურნალი ,,აფინაჟის” რედაქცია და ,,პარნასელების” საზოგადოება.” – წერია “პარნასელების” განცხადებაში.