ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მდებარე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლი სასტუმროს ფუნქციას შეიძენს. ქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეულ მაგნოლიასთან მდებარე სახლის რემონტი კერძო მეპატრონემ დაიწყო.
რადიო “ძველი ქალაქს” ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში განუცხადეს, რომ ნებართვა მეპატრონემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან მიიღო.
“საცხოვრებელ სტრუქტურას წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ამას გარდა არის რამდენიმე შენობა, რომელთაც ცალკე აქვთ კიდევ ძეგლის სტატუსი. მშენებლობის ნებართვას ყველა შემთხვევაში გასცემს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამ შენობაზეც ნებართვა სააგენტომ გასცა . ის არის კერძო საკუთრება. მინიმალური სახეცვლილებაა. იერსახეზე არ აისახება. დაემატება ერთი სართული და შემდეგ სახურავი. ობიექტის ფუნქციური დანიშნულება არის სასტუმრო”,- განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ჩხიკვაძემ.
თემის შესახებ ვრცელ მასალას რადიო “ძველი ქალაქი” შემოგთავაზებთ.