“დიდხანს მეგონა, რომ ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე,
სადაც მამა, დედა, და, ბაბუა, ბებია, ბიძა, დეიდა, ბიძაშვილები და ის მეგობრები ცხოვრობდნენ, რომელთა შორისაც ზოგიერთი მოგვიანებით ჩემი ნათლიმამა და ნათლიდედები გახდნენ. თუმცა, რაც უფრო ვიზრდებოდი, ვაცნობიერებდი, რომ ჩვენი ოჯახი სხვებისას არ ჰგავდა,”- ასე იწყება ნოე ჟორდანიას შვილიშვილის, ქრისტინე ფაღავას წიგნი, რომელიც, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისს ესტუმრა.
ქრისტინე ფაღავამ წერეთლის უნივერსიტეტში შეკრებილ აუდიტორიას საკუთარი წიგნი-“ერთი უჩვეულო ოჯახი” წარუდგინა. როგორც ავტორმა განმარტა, ნამუშევარი თავდაპირველად ფრანგულ ენაზე შეიქმნა და მოგვიანებით, ქართული მხარის დაინტერესების შემდეგ, თავად ავტორმა ქართულ ენაზე თარგმნა.
“მიხარია, რომ ახალგაზრდა თაობა დაინტერესებულია. ჩემი წიგნი შარშან გამოიცა და წელს შევძელი ჩამოსვლა ქუთაისში. ბიძაჩემმა მითხრა, რომ მე დედას მონაყოლი ამბები მახსოვდა. მართლაც, დედაჩემი მე და ჩემს დას გვიყვებოდა როგორი იყო მათი ცხოვრება საქართველოში. რაღაცნაირად ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ჩაიბეჭდა. წიგნი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება: დედას მოგონებები როგორ მახსოვდა, საკუთარი მოგონებები ბაბუაჩემზე, ბებიაჩემსა და მამაჩემზე. ნამუშევარს ბოლოს დართული აქვს ქრონოლოგია, ისტორიული მოვლენების მიმოხილვა,”-განაცხადა ქრისტინე ფაღავამ.
ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ქუთაისს პროექტის- “საუბრები ქართულ ემიგრაციაზე” ფარგლებში ესტუმრა. ქრისტინე ფაღავა პროექტის პირველი სტუმარია.
“როდესაც ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური ემიგრანტები 26 მაისს აღნიშნავდნენ, ისინი ყოველთვის ასე ლოცავდნენ ერთმანეთს- “მომავალ ამ დროს ჩვენს სამშობლოში თქვენთან ერთად”. მართალია, ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა მათი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. სწორედ ამ ადამიანებს ვიწვევთ სასაუბროდ და ისტორიების მოსაყოლად,”-განაცხადა აწსუ-ს ფილოლოგიის დოქტორმა მარიამ მარჯანიშვილმა.
ქრისტინე ფაღავამ საკუთარი წიგნი მის ოჯახის წევრებსა და საქართველოს ახალგაზრდა თაობებს მიუძღვნა.