ქუთაისის ოპერის თეატრში 13 აპრილისთვის მზადება
აქტიურად მიმდინარეობს. დასთან ერთად გენერალურ რეპეტიციას გადის ევროპის საოპერო თეატრებში წარმატებით მოღვაწე ბარიტონი გოჩა აბულაძე. პარმიდან, ვერდის ფესტივალიდან ქუთაისში ჩამოსული ბარიტონი მსმენელთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადება.
“დიდი ხანია წასული ვარ ქალაქიდან. ევროპაში ალბათ 8 წელია ვმოღვაწეობ, სხვადასხვა თეატრებში მიწევს სიმღერა და ახლა მომეცა საშუალება ჩემს უსაყვარლეს ქუთაისს ვუმღერო ჩემი უსაყვარლესი ოპერა “რიგოლეტო” . პარმიდან ვბრუნდები, სადაც ვერდის ყველაზე ცნობილ ფესტივალზე “ტრავიატას” ვმღეროდი. 10 დღე მქონდა თავისუფალი, როდესაც შემეხმიანა ჩვენი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი და მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა ცოტა დამესვენა, დავთანხმდი სიმღერას. გადავწყვიტე მემღერა იმიტომ, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის ქუთაისი, ქუთაისელი მსმენელი. იმედია კარგი სპექტაკლი გამოვა.” – ამბობს გოჩა აბულაძე.
რიგოლეტოს როლს გოჩა აბულაძე მესამედ მოირგებს. პირველად საოცნებო როლი, 29 წლის ასაკში, ტირანას ოპერის თეატრში მოირგო. ყველაზე რთულ პარტიას ახალგაზრდა ბარიტონი წარმატებით ართმევს.
” “რიგოლეტო” ურთულესი ოპერაა და ბევრი მომღერლისთვის ურთულესი პარტია. 3 წლის უკან მქონდა დებიუტი, იტალიაშიც მომიწია სიმღერა და ახლა უკვე ქუთაისში. ვარ ძალიან გახარებული და ჩემი მაქსიმუმი დაიდება სცენაზე.”- აღნიშნა გოჩა აბულაძემ.
“რიგოლეტო” ქუთაისის ოპერის თეატრში 13 აპრილს, 18 საათზე დაიწყება.