“აღმოაჩინე უცნობი წყალტუბო” – ამ სახელწოდებით წყალტუბოში მოგზაურთა
და მოლაშქრეთათვის ინფოტური მოეწყო. ტურს ორგანიზება წყალტუბოს ტურიზმის ცენტრმა და ქუთაისის მოლაშქრეთა კლუბმა “მთანი მაღალნი” გაუწია.
ტურის ფარგლებში, 31 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, მოლაშქრეებმა მოინახულეს ცივი ტბა, ოტიას ეზო, თეთრი მღვიმე, გაბზარული ტბა და მელოურის მღვიმე. ინფო ტურის ძირითადი მიზანი უცნობი ადგილების აღმოჩენა და პოპულარიზაცია იყო.
“ჩვენ უცხო ადგილებს ვუწევთ პოპულარიზებას. შემდეგ გვინდა დავგეგმოთ ტურები და ჩამოვიყვანოთ ჯგუფები. ასევე, ვინც ამ ტურში მონაწილეობდა, სხვადასხვა მგზაურთა კლუბები, მათაც დაგეგმონ”,- განაცხადა “მთანი მაღალნის” დამფუძნებელმა შალვა ხუციძემ.
მისივე თქმით, მსგავის ტურების მოწყობა მარტვილში იგეგმება, სადაც მოგზაურები არჩილ ჯორჯიაშვილის მღვიმეს დაათვალიერებენ. ხარაგაულსა და წყალტუბოში ჯომარდობა გაიმართება. ინფო ტურები შესაძლოა, ქუთაისში ან ლეჩხუმში მოეწყოს.