საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი ოთხ სართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის დასრულების შემდეგ, ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და რეგიონში ყველაზე გამორჩეული მუზეუმი იქნება. მუზეუმი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
მუზეუმის მშენებლობის პარალელურად ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების (კარიბჭის, მოზაიკური ტაძრის, მრგვალი ტაძრის, სამლოცველოს ზედა ტერასის, ბავშვის სამარხის ზედა ტერასის) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდა ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 14, 5 მლნ ლარია.