,,რენესანსიდან XX საუკუნემდე” – ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის
სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში, უნიკალურ გამოცემები გამოფინეს. საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინა: ქუთაისში დაბეჭდილი და ,,ვეფხისტყაოსნის” სხვადასხვა გამოცემები, ლექსიკონები, ბერძნულ-ლათინური ტექსტები (პლუტარქე, პლატონი…), რუსეთის იმპერიაში გამოცემული ლათინური ტექსტები, ლათინურ-არაბული გამოცემები (ყურანი, ლაიფციგი, 1834 წ.; აბულ-კასიმ, გრამატიკის ანთოლოგია, 1859 წ., ეთიოპური ქრესტომათია, ლაიფციგი, 1866 წ., მუალაკები, ისლამიმდელი არაბული პოეზიის კრებული, ლაიფციგი, 1850 წ.), წიგნები ანტონ ლორთქიფანიძის ხელმოწერებით; გოეთეს, შილერის, დიკენსის თხზულებები; ალბომები; ბიბლიოთეკის განსაკუთრებული საგანძური – მარციალისის პირველნაბეჭდი წიგნი – ,,ორი კომენტარი მარციალისზე”.
“ჩვენ ამჯერად წარმოვადგინეთ მცირე ნაწილი იმ უიშვიათესი გამოცემებისა, რომლითაც ამაყობას არა მხოლოდ ჩვენი ბიბლიოთეკა, არამედ ქალაქიც. უძველესი გამოცემა ჩვენს ბიბლიოთეკაში გახლავთ 1498 წელს ვენეციაში გამოცემული ,,ორი კომენტარი მარციალისზე,” რომელიც ინკუნაბულათა რიცხვს მიეკუთვნება. ინკუნაბულა ეწოდება გამოცემებს, რომლებიც 1445 წლიდან, როცა პირველი სტამბა გამართა იოჰან გუტენბერგმა, იქედან XV საუკუნის ჩათვლით. ამავე დროს ბიბლიოთეკაში უნიკალური ქართული ფონდი გვაქვს დაცული, მათ შორის გამოვყოფდი ქუთაისის გამოცემებს. უძველესი ქართული გამოცემა 1818 წლით თარიღდება, იგი პეტერბურგშია დაბეჭდილი – “არისტოტელეს განსჯანი,” რომელიც თეიმურაზ ბატონიშვილს ეკუთვნის,” – განაცხადა იშვიათ გამოცემთა განყოფილების გამგემ რუსუდან კაშიამ.
ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილება დაარსდა 2008 წელს. 2017 წლის იანვრის მონაცემებით აქ დაცულია 2 198 ერთეული.