“ზაფხულის საღამოების” ფარგლებში
ქუთაისში აზიური კინოს კვირეული მოეწყობა. ფილმებისა და ანიმეების ნახვა მონ-პლეზირის თაღთან 27 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. კინო კვირეული ვონგ კარ ვაის ფილმით “სასიყვარულო განწყობა” გაიხსნება. .
ამ რეჟისორზე ამბობენ, რომ ის ფილმებს აწმყო განგრძობით დროში იღებს, რადგან ყველა განცდა, გრძნობა თუ შთაბეჭდილება, რომელიც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება სულ რამდენიმე წამს გრძელდებოდეს მასთან დაუსრულებელ ხასიათს ღებულობს.
ეს ფილმი სიყვარულის ისტორიაა. საკმაოდ უცნაური ისტორია, რომლის გმირებსაც არ ყოფნით გამბედაობა საკუთარ სურვილებს ბოლომდე მიყვნენ და მათი სიყვარული მხოლოდ განწყობად რჩება.
28 ივლისს იხილავთ ფილმს – “გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და კვლავ გაზაფხული” რეჟ. კიმ კი დუკი.
29 ივლისი – “თოჯინები” რეჟ. ტაკეში კიტანო.
ბოლო ორ დღეს ანიმე იქნება წარმოდგენილი. 30 ივლისი – “ციცინათელას საფლავი” რეჟ.ისაო ტაკაჰატა.
ეს 1988 წლის ანიმე ფილმი, დაწერილი და გადაღებულია ისაო ტაკაჰატას მიერ Studio Ghibli-სთვის. აკიუკი ნოსაკას ამავე სახელწოდების ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანის ადაპტაცია. ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ეს დღემდე შექმნილი ერთ-ერთი უძლიერესი ომისსაწინააღმდეგო ფილმია. ანიმაციის ისტორიკოსი ერნესტ რისტერი ამ ფილმს ადარებს სტივენ სპილბერგის “შინდლერის სიას”, მისი სიტყვებით “ეს არის ყველაზე მკაფიოდ ჰუმანური ანიმაციური ფილმი”.
Ghibli-ს სხვა პროდუქციის მსგავსად, ფილმი გამოირჩევა დიზაინისა და მხატვრობის მაღალი ხარისხით. იგი თავდაპირველად კინოთეატრებში გამოვიდა ჰაიაო მიაძაკის კიდევ ერთი ფილმის “ჩემი მეზობელი ტოტორო” თანხლებით, თუმცა ზოგადად კინოგაქირავებაში ჩავარდა. ფილმში მოქმედება მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის ბოლოსკენ იაპონიაში და მოთხრობილია ობოლი და-ძმის – სეიტა და მისი უმცროსი და სეცუკოს – გულისამაჩუყებელი ურთიერთობის შესახებ.
31 ივლისი – “კიკის მიტანის სერვისი” რეჟ. ჰაიაო მიაძაკი.
ყველა სეანსი დაიწყება 21:00 საათზე.
კინოკვირეულის ორგანიზატორია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური