ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა
ყველა ქართველისთვის – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში გელათის სამონასტრო კომპლექსის დაბრუნება.
პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამ მიმართულებით რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი მუშაობისა და აქტიური ჩართულობისთვის კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მადლობა გადაუხადა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ქუთაისის ისტორიული ნადშაფტის დამტკიცებაზე დაიწყება მუშაობა.
“მოგეხსენებათ, 2010 წელს იუნესკომ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატის, ასევე გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დღეს ჩვენ პრაქტიკულად დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში შეტანის მიმართულებით გადავდგათ წარმატებული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ბაგრატს ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შევეცდებით, ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ იუნესკოს, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.