რეჟისორი თინათინ გურჩიანი
ფილმში გადასაღებად მოხუცებს ეძებს. “სატრფიალო. პასტორალი”-ასე ერქმევა ფილმს, რომლისთვისაც გმირებს მთელს საქართველოში მოიძევენ. ახალი ფილმის შესახებ მან რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში, გადაცემაში “მთელი დღე” სტუმრობისას ისაუბრა. რეჟისორი იმ მოხუცებულებს ეძებს რომელთაც განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია აქვთ. “თუ წინა ფილმი ახალგაზრდებზე იყო და მათ ვეძებდით, ახლა მოხუცების თვალით გვინდა დავინახოთ. ფილმის თემაა კითხვაზე პასუხის გაცემა, რა რჩება სიყვარულისგან, ვნებებისგან, ჩვენი თავგადასავლებისგან, რას მოვიგონებთ, რა გვავიწყდება. ჩვენი გმირები შეიძლება გახდნენ ისეთი ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც სიყვარულისთვის იცხოვრეს, ვისაც სიყვარული ან წარსულში ამოძრავებდა, ან ახლა ან მომავალში აპირებს. შეიძლება არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცხოვრება ახლა კი არ დამთავრდა ახლა იწყება. პირველი ფილმი ახალგაზრდებზე იყო და ძალიან ემოციური და დრამატული გამოვიდა. ზოგისთვის შეიძლება მძიმე იყო და მინდა რომ ახლა მოხუცების თვალით უფრო მეტი სიმსუბუქე გვეპოვა. ეს ჩემთვის იქნება მოგზაურობა ხანდაზმულთა, გრძნობების სამყაროში”, – აღნიშნა თინათინ გურჩიანმა.