იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონა ვირუსის ახალი შტამი ჯერ არ გამოვლენილა, მაგრამ რისკი არსებობს.
მისი თქმით, არის ალბათობა, რომ ერთ ადამიანში ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსი გამოვლინდეს.
,,ასე ეძახიან, „თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას. მართლაც ასეა, შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი შემცირებისკენ მიდის ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია,’’-ამბობს ივანე ჩხაიძე.
ის ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს იქნება თუ არა ახალი შტამი ისეთი მძიმე დაავადებების გამომწვევი, როგორც ,,დელტა’’ შტამი.
კორონავირუსის ამ მუტაციას ერთდროულად გააჩნია, როგორც „დელტა“, ისე „ომიკრონის“ ვარიანტის ელემენტები. როდესაც კორონავირუსის პანდემიის ტალღა გამოწვეულია ერთი ვარიანტით და მეორე ვარიანტში გადადის, მაშინ დიდია შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე ადამიანს ჰქონდეს ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსი. თუ საქართველოს რეალობაზე გადმოვიტანთ, ქვეყანაში იანვარში ცირკულირებდა როგორც კორონავირუსის „დელტა“ მუტაცია, ისე „ომიკრონიც“. ასე რომ სავსებით შესაძლებელია, საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად ჰქონდათ ორი ვირუსის მუტაციის შედეგად მიღებული ვარიანტი,’’ – აცხადებს ივანე ჩხაიძე.