საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა.
მოქალაქეს „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
• არის სრულად ვაქცინირებული;
• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;
• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ორი სპეციალური აპლიკაცია შექმნა: CovidPass Georgia და Georgia e-Health.
CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს.
საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს. საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება მარტივად დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.
მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.