სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო მხოლოდ 1-ელ დეკემბრამდე იქნება.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს.
გამყრელიძის თქმით, სახელმწიფომ 200 000 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომლისგანაც 95 ათასი დოზა დახარჯულია. ის ამბობს, რომ გრიპის ვაქცინის მიმღებთა განსაზღვრული ჯგუფები გაფართოვდა და რისკ ჯგუფების გარდა ვაქცინის მიმღებთა ჯგუფებში მათი ოჯახის წევრებიც შევიდნენ.
გამყრელიძის თქმით, მოქალაქეები გრიპის ვაქცინის გაკეთებაზე მოტივირებულები არ არიან, ისევე, როგორც კორონავირუსის ვაქცინისა.
“ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპის ვაქცინა განსაზღვრული იყო რისკ ჯგუფებისთვის. აღნიშნული ჯგუფები თავდაპირველად შედარებით შეზღუდული იყო, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო გავაფართოვეთ.
რისკ ჯგუფებში ყოველთვის არის სამედიცინო პერსონალი, ორსულები, დიაბეტის, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, 60 წელს ზემოთ მოქალაქეები, სკოლის მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები. შემდეგ ჩამონათვალში რისკ ჯგუფების ოჯახის წევრებიც შევიყვანეთ.
სამწუხაროდ, არ მოვიდა ბევრი მოქალაქე, ისევე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე არ არის მოტივირებული საზოგადოება. დახარჯულია 95 ათასამდე დოზა, შესყიდული კი 200 ათასი დოზა გვაქვს.
ჩვენ შევიტანეთ ბრძანებაში ცვლილება და გრიპის ამცრელმა ყველა დაწესებულებამ იცის, რომ შეზღუდული დროის განმავლობაში, პირველ დეკემბრამდე ნებისმიერი მოქალაქე უნდა აცრან გრიპის საწინააღმდეგო სახელმწიფო ვაქცინით”,- ამბობს გამყრელიძე.