ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი კი, უკიდურესად საყურადღებო, ამიტომ ვაქცინაცია აუცილებელია.
მისი თქმით, რამდენიმე დიდი ქალაქი 10 -15%-ით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს, მათ შორის არის თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. თამარ გაბუნიას თქმით, ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში ქვეყანას სერიოზულ დახმარებას გაუწევდა.
“ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა. მაგალითად, ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, რომლებსაც მხარდაჭერა, ხანგრძლივი მკურნალობა, წახალისება და რწმენა სჭირდებოდათ, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს რთული გზა გაევლო. აქაც ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში,’’-აცხადებს თამარ გაბუნია.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. აცრის მსურველებს არჩევანის გაკეთება ფაიზერის, ასტრაზენეკას, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებს შორის შეუძლიათ. 4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 1 990 501 ადამიანი, დღიურად აცრილია — 3 469.