12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 1 623, ხოლო გარდაიცვალა 37 ადამიანი.
თბილისის შემდეგ, იმერეთში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი – 1060 შემთხვევა გამოვლინდა.
დღიურად ჩატარებული ტესტის რაოდენობაა 47 723.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იმატებს და შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს:
“კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით ერთი თვე, თვე-ნახევარი, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია”, – ამბობს ცერცვაძე.
სპეციალისტები ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდას ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებენ. მედიკოსების განმარტებით რთული ვითარების განმუხტვა მხოლოდ მოსახლეობის სრული იმუნიზაციით იქნება შესაძლებელი.