ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდ-19-ის გავრცელების მხრივ სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.
თამარ გაბუნიას თქმით, პენიტენციურ სისტემაში კორონა ვირუსის გადადების რისკი დაბალია, ხოლო მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აცრილია.
“ერთხელ ვაქცინირებულია პატიმრების 66%, ორჯერ ვაქცინირებულია 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, თანამშრომლების ვაქცინაცია კიდევ მანამდე დაიწყო, უკვე აპრილის ბოლოდან, 80%-ზე მეტია ერთხელ ვაქცინირებული და დაახლოებით 62%-ა ორჯერ ვაქცინირებული. რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ დაბალია”, — აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
თამარ გაბუნიამ საპატიმროებში კოვიდინფიცირების შემთხვევებზეც ისაუბრა – მისი თქმით, თუ ინფიცირებულთა მდგომარეობა დამძიმდება, მათი კლინიკაში გადაყვანა მოხდება.