“ბოლო 24 საათში იმერეთში კოვიდ 19-ის 97 ახალი შემთხვევა
დადასტურდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და საგანგაშოა,”-ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კლასტერები დაფიქსირდა, რომელიც სოციალურ ღონისძიებებთან, ქელეხებთანაა დაკავშირებული.
“მაგალითად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირება მოხდა. მე მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. დავამატეთ კოვიდ სასტუმრო ქუთაისში, რომელიც გაუქმებული გვქონდა და უკვე იღებს კოვიდინფიცირებულებს,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 422 პირი. კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.