ქუთაისში კოვიდინფიცირებულ ორსულებს მხოლოდ
ერთი კლინიკა იღებს. კლინიკა “ბომონდში” ამ დროისთვის მკურნალობის კურსს 35 კოვიდინფიცირებული ორსული გადის. როგორც კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი გიორგი სხილაძე ამბობს, კოვიდ 19-ის დროს ორსულებში სიმპტომები, რომლებიც ყველაზე ხშირად არის გამოხატული, არის ტემპერატურის მომატება, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზურგის ტკივილი და ღებინების შეგრძნება. მისივე თქმით, პაციენტებთან ძირითადად მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა.
“პირველ რიგში რისიც გვეშინია, ეს არის ფილტვების ანთება, ანუ პნევმონია. მეორე რისკი არის თრომბოემბოლიური გართულება, ანუ თრომბის წარმოქმნა, რასაც საზოგადოებაში ეძახიან. შესაბამისად, თუ არის გამოხატული ანთება და თუ ანთება არის ისეთი, რომ აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, ტარდება თრომბოემბოლიის საწინააღმდეგო თერაპია,”-განაცახდა გიორგი სხილაძემ.
მეან-გინეკოლოგის თქმით, ორსულობის დროს ფსიქოემოციური ფონი ისედაც რთულად და დაძაბულად მიმდინარეობს და როდესაც მას კოვიდინფიცირებაც ემატება, კვლევებით დადგენილია, რომ ეს ფსიქოემოციურ ფონზე უარყოფითად მოქმედებს. პაციენტები უფრო გაღიზიანებულები, დეპრესიულები ხდებიან და ექიმებს ფსიქოლოგების ფუნქციების შეთავსებაც უწევთ.
რაც შეეხება ჩვილებს, ექიმის განმარტებით, კორონავიურსი ჩვილებში უსიმპტომოდ და უპრობლემოდ მიმდინარეობს.
“ჩვილები ინფიცირებულები არ იბადებიან, ინფექციის გადაცემა დაფიქსირებული არ არის. ძირითადად დედასთან კონტაქტის შედეგად ხდება ინფიცირება. ძალიან უსიმპტომოდ მიმდინარეობს ბავშვებში. კოვიდდადებითს აჩვენებს ტესტი და სხვა გამოვლინება სიმპტომური არანაირი არ არის. ზოგადად მიმდინარეობს ძალიან მარტივად და მკურნალობასაც არ საჭიროებს,”-ამბობს გიორგი სხილაძე.
მეან-გინეკოლოგის თქმით, აუცილებელია პირბადეს ტარება, პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების დაბანა და კონტაქტებთან მორიდება. ასევე, დისტანციის დაცვა ერთ-ნახევარი ან ორი მეტრი. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და მჭიდრო კონტაქტების მორიდება. საჭიროების შემთხვევაში კი ექიმთან დროული ვიზიტი.