ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4, ხოლო
“ბომონდში” 16 კოვიდინფიცირებული შეიყვანეს.
ქუთაისის ინფექციურში მოთავსებული 4-ვე პაციენტი ქუთაისიდანაა. მათ შორის ორი მოზრდილი და ორი ბავშვია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“ამ დროისთვის კლინიკაში გვყავს 57 პაციენტი, აქედან 17 ბავშვი და 40 მოზრდილია. ველოდებით განმეორებით პასუხებს, თუ უარყოფითი მოვიდა, რამდენიმე მათგანი კლინიკას დატოვებს. მძიმეა ოთხი პაციენტი, მათგან ორი კრიტიკულად მძიმეა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
“ბომონდში” შეყვანილი 16 პაციენტიდან ნაწილი გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის მკვიდრია, ხოლო დიდი ნაწილი კლინიკაში იმერეთის რეგიონიდან შეიყვანეს. პაციენტებს შორის არიან როგორც ოჯახები, ისე ორსულები და და ბავშვები.
ამ დროისათვის კოვიდცენტრში 85 პაციენტი იმყოფება.
მედიკოსების განცხადებით, დღის განმავლობაში კლინიკას რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს. ამ დრომდე კი ბომონდის კოვიდცენტრში ვირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა.