ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი, რომელთაც ერთი კვირის წინ
აქცია გამართეს, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას კვლავ ელოდება. მას შემდეგ, რაც კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდა, 4 თვეა 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღია. კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, სამედიცინო პერსონალი იმ 7 სამუშაო დღის ვადის ამოწურვას ელოდება, რომლის გასვლის შემდეგ, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორისაგან პრობლემის მოგვარების დაპირება მიიღეს.
“გვითხრეს 7 სამუშაო დღე დავლოდებოდით. ნუგზარ ბოლქვაძე ჩამოსული იყო აქციის დღეს და გვითხრა ამ დროში მოაგვარებდა ყველაფერს. მან თქვა, რომ მის თავზე აიღებდა ყველაფერს და გააფორმებდა ხელშეკრულებებს. აქ არ არის საუბარი 100 და 200 ლარზე, 4 თვის ნამუშევარი თანხა საერთოდ არ მოუციათ,”-ამბობს სალომე გაბელია.
კლინიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ დათქმულ ვადაში მათი პრობლემა არ მოგვარდება, პროტესტის ფორმას კვლავ მიმართავენ.