14 დღიანი სავალდებულო კარანტინის შემდეგ წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან მოქალაქეები ოჯახებს სრულიად
ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. საკარანტინო ზონაში მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” აცნობეს, სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას დღეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ხ
ელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
“ეს არის ჩვენი გუნდის, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგი, რომლებიც ჩართულია COVID19 – ის ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში,” – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
კარანტინში ყოფნის მიუხედავად, მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ დაიცვან როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მათ შორის, დარჩნენ სახლებში და საცხოვრებელი აუცილებელი შემთხვევის გარეშე არ დატოვონ.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 85 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ ეტაპზე კარანტინში 5300 ზე მეტი ადამიანი იმყოფება. 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა 1500-ზე მეტმა ადამიანმა.