გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა. მისი თქმით, გრიპის სეზონი დაიწყო ისე როგორც ყოველწლიურად არის გასული წლის მეორმოცე კვირიდან და აქტიურ ფაზას მიმდინარე წლის მეოცე კვირამდე, დაახლოებით მარტის ბოლომდე, შეინარჩუნებს.
,,მიმდინარეობს მონიტორინგი როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული თვალსაზრისით. წლევანდელი სეზონი გაცილებით მშვიდად მიმდინარეობს. გასულ წელს ამ პერიოდში გვქონდა 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა 200-ზე მეტი. ახლა გვაქვს 125-127. თითქმის ნახევარია ჰოპიტალიზაციის შემთხვევები გრიპისმაგვარი გართულებებით. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს ამბულატორიულ მიმართვიანობასთან დაკავშირებითაც. ძირითადად ცირკულირებს როგორც A ტიპის H1 შტამი, ასევე A ტიპის H3 შტამი,ძირითადად წამყვანი ცირკულაცია არის B ტიპის შტამი, რომელსაც ნაკლები სიმწვავე ახასიათებს. ეპიდემიურ ზღვარს ახლოსაც არ ვუახლოვდებით. ეპიდემიური ზღვარი საქართველოში არის 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 500 ადამიანის ავადობა. ჯერჯერობით განგაშისა და შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს.” – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ.