ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით
დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია – “მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა” გამართა. ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
ერთ-ერთი რეფორმა დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას ეხება. მინისტრის განმარტებით, ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.
“ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე,”-განაცხადა ტიკარაძემ.
რეფორმის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.
მინისტრის განმარტებით, რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები.
“მართალია, ბოლო 7 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 73-დან 55%-მდე შემცირდა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ჩვენს მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებისთვის გადასახდელი თანხები,”-განაცხადა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აღნიშნული რეფორმა მოსახლეობის მიგრაციას შეამცირებს და ისინი მომსახურებისთვის სხვა ქალაქებს აღარ მიმართავენ.
ფოტო “ძველი ქალაქი”