იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი
შავლეგო ტაბატაძე და შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქციას დაესწრნენ. სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმებმა 800–ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან 40–ს სმენის პრობლემის სხვადასხვა სტადია დაუდგინდა, სასმენი აპარატი კი 16 მათგანს დასჭირდა და შვედმა ექიმებმა უფასოდ გადასცეს.
შვედი ექიმები ხარაგაულში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან და მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს გამოიკვლევენ. მათ უკვე ჩაუტარეს სემინარები, ხარაგაულის საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების ექიმებს, უბნის ექიმებს და ასევე, გადაამზადეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც მომავალში ასოციაციის მიერ გამოგზავნილ სპეციალურ აპარატს მიიღებს და ხარაგაულში გამოკვლევებს განაგრძობს.
“მეორე წელია საქართველოში ეს პროექტი ხორციელდება და არწმუნებული ვარ კიდევ გაგრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ელჩს და ყველას, ვინც ამ პროექტშია ჩართული. 800–ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან 40–ს სმენის პრობლემის სხვადასხვა სტადია დაუდგინდა, სასმენი აპარატი კი 16 მათგანს დასჭირდა, რაც მათ უფასოდ გადასცეს.”,- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთის გუბერნატორმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შვედ ექიმებს სამადლობელი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გდასაცა. ექიმთა ჯგუფი ხარაგაულში წელს მეორედ იმყოფება და მათ მიერ გაწეული ქველმოქმედება დაახლოებით, 100 000 ლარის ღირებულებას შეადგენს.