ივლისიდან დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს
თანამედროვე კრიოაბლაციის პროცედურის უნიკალური სერვისის მიღება ქუთაისის ცენტრალურ ჰოსპიტალში შეეძლებათ.
ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კარდიოლოგი და შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, უნგრელი ექიმი ჩაბა ფოლდეში ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელ, კარდიოლოგ-არითმოლოგ გიორგი ჩხოლარიასთან ერთად, წინაგულების ფიბრილაციის საკმურნალოდ თანამედროვე კრიოაბლაციის პროცედურას გაყინვის მეთოდებით პირველად ჩაატარებს.
3 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, ექიმები რვა კრიოაბლაციის ოპერაციის ჩატარებას ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში (სოლომონ პირველის #10) გეგმავენ.
ასევე, სპეციალისტები პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც კლინიკაში დანერგილ უახლეს მეთოდებს გააცნობენ საზოგადოებასა და მოწვეულ ექიმებს. ქართველი ექიმები დეტალურად გაეცნობიან მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს, რომელიც უკვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
კრიოაბლაციის პროცედურის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით და ის მედიკამენტებით მკურნალობასთან შედარებით ბევრად უფრო ხარჯთეფექტური, უსაფრთხო და ეკონომიურია. ის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაახლოებით 370 000 პაციენტს ჩაუტარდა. საქართველოში (თბილისში) კრიოაბლაციის ოპერაცია წელიწადზე ნაკლებ დროში 100-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მისი საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა, მისი მექანიზმის გარკვევა, შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება. “ჩუმი”, აღმოუჩენელი წინაგულთა ფიბრილაცია ინსულტის გავრცელებული მიზეზია. რეკომენდირებულია, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად ყველა პაციენტში, რომელიც 65 წელს ზემოთაა ან იმ პაციენტებშიც, ვისაც ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა აქვთ გადატანილი.
პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და რენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი ხდება არითმიის ხელოვნური გამოწვევა და ინფორმაციის ჩაწერა. ზუსტი დიაგნოზისა და არითმიის მექანიზმის დადგენის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.
კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.