შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია 140 ბენეფიციარს
სამკურნალო- სარეაბილიტაციოდ გაგზავნის. შავი ზღვის მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე, კურორტული სამკურნალო- სარეაბილიტაციო მომსახურებისათვის ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 49 ათასი ლარია.
ღონისძიებაში მონაწილე ბენეფიციარებს მიეკუთვნება:
18 წელს ზემოთ შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციის ბენეფიციარები (საჭიროების შემთხვევაში მომვლელიც), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000.
3-18 წლის შშმ პირები და მათი მომვლელები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000.
მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები.
განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში დახმარების საკითხი გადაწყდება დამატებითი არგუმენტებისა (ექიმის რეკომენდაცია-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100) და გარემოებების გათვალისწინებით.
“მიმწოდებელი” ვალდებულია ბენეფიციარების (ერთ ნაკადზე არანაკლებ 35 ბენეფიციარი) დასვენება უზრუნველყოს მაგნიტური ქვიშის სანაპიროსთან პირველ ზოლში, კეთილმოწყობილ სასტუმროს კორპუსში. საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული და მისადაგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. სასტუმროს უნდა გააჩნდეს პანდუსი და ორი, სამი და ოთხ საწოლიანი საცხოვრებელი ნომრები, თითოეულ ნომერში მოწესრიგებული სველი წერტილებით.
სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს კონდენციონერით და შესაბამისი ავეჯით (კარადა, ტუმბო, მაგიდა, სკამები, სარკე) და უნდა ჰქონდეს კეთილმოწყობილი კვების ბლოკი შესაბამისი ინვენტარით.
სასტუმროში დაცული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები და ყველა სართულზე უნდა იყოს ცეცხლმაქრი.
სასტუმროს უნდა ჰქონდეს ადაპტირებული გასასვლელი ზღვაზე, იზოლირებული ეზო დასასვენებელი სკამებით, გასართობი მოედნით.
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარების დღეში სამჯერადი კვება მაღალკალორიული საკვებით, დიაბეტით დაავადებულებისათვის დიეტური საკვებით, სამკურნალო მასაჟით, ასევე უზრუნველყოს სამაშველო და სადღეღამისო პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევა.
სატენდერო წინადადებების მიღება 23 ივნისს დაიწყო და 27 ივნისს მთავრდება.